საკრებულო დედაქალაქის მერს უსმენს. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კახა კალაძე საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტს აცნობს. დღეს დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ. ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, ამიტომ მერთან შეხვედრას არ ესწრება.
"2020 წლის ბიუჯეტი და ჯამური ღონისძიებების ხარჯი წლის განმავლობაში შევსების პირობით, იქნება მილიარდ 300-ზე მეტი. ძალიან დიდი ნაწილი ამ თანხების, იხარჯება ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. ადმინისტრაციული ხარჯები, რამდენადაც მახსოვს, არის დაახლოებით იგივე ზღვარზე, რაც იყო წინა წელს,“ - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს.
“2020 წლის ბიუჯეტი, თქვენ ხედავთ, რომ არის საგრძნობლად გაზრდილი. ჩვენ წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი და ეს ასეც იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსი და თანხა იქნება დახარჯული. იცით, რომ ჩვენ სრულად ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლებას, ავტობუსებს ვგულისხმობ, მეტროს მოდერნიზაციას. უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბით იქნება განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები,“ - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.
სხდომას დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრებიან. მათ კალაძესთან, როგორც “ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან, კითხვები ექნებათ, რამდენიმემ კვირის წინ პარლამენტის მიერ დამტკიცებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით.
“მართალია, ის ხშირად ცდილობს უშედეგოდ, გაექცეს პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რისი ძალიან კარგი მაგალითიც არის მისი განცხადება სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათი მოსამართლეების არჩევის შემდეგ მეორე დღეს, როდესაც მან თქვა, რომ თურმე იქ არიან ოდიოზური ფიგურები, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებას არ ახსოვს მისი შეწინააღმდეგება,“ - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი.