06 ოქტომბერი 2024,   17:03
ვრცლად
ირანის მუქარა ძალაშია, აშშ უკან დახევას არ აპირებს - ქვეყნებს შორის ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბული რჩება. თეირანის მუქარა ძალაშია. ირანის პარლამენტმა პენტაგონი და ამერიკის ჯარი ტერორისტებად გამოაცხადა. 

ვითარების დეესკალაციის მიზნით საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან, 11 იანვარს კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთში ჩავა.

ირანში გლოვაა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოკლული გენერალი ყასემ სოლეიმანი ​დღეს მშობლიურ ქალაქ კერმანში უნდა დაეკრძალათ, თუმცა გადაიდო. თეირანმა მიზეზად სამგლოვიარო ცერემონიალზე მისული ადამიანების დიდი რაოდენობა დაასახელა. გამოსამშვიდობებელ პროცესიაზე ხალხმრავლობას მსხვერპლიც მოჰყვა. ჭყლეტვისას 40 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. 62 წლის გენერალი ირანში სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის შემდეგ მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ დაგეგმილ ყველა სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

სანამ ირანელი ხალხი გლოვობს, პოლიტიკოსები გენერლის ლიკვიდაციის გამო საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. თეირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს უკვე მიმართა. დასავლური მედია წერს, რომ ირანის საგარეო მინისტრ ჯავად ზარიფს, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას აპირებდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვიზა არ მისცა. ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არც შტატებში და არც თეირანში აკეთებენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ომის გაღვივებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტრამპმა უმჯობესია რეგიონში პოლიტიკა შეცვალოს.

"დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას და ხალხს. პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გამოიღვიძოს და შეხედოს რეალობას. რეგიონში ხალხი განრისხებულია და სურთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთი დატოვოს. ტრამპმა კურსი უნდა შეცვალოს. ომი რეგიონში შტატებმა დიდი ხნის წინ წამოიწყო და გაანადგურა სტაბილურობა," - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფიმ

თეირანის ამ ბრალდებების ფონზე ირანის პარლამენტმა დღეს პენტაგონი და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში გენერლის მკვლელობის შემდეგ შეიტანეს.

ირანი იყო განხილვის მთავარი თემა შტატების კონგრესში. რესპუბლიკელებმა დემოკრატ ოპონენტებს, რომლებიც დონალდ ტრამპს სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო მკაცრად აკრიტიკებენ, შეახსენეს, რომ ირანი შტატების მტერია და ტრამპის პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"ირანის საკითხთან დაკავშირებით ჩემმა კოლეგებმა შტატების მთავრობისა და პრეზიდენტის გაკრიტიკებით ნაჩქარევი განცხადებები გააკეთეს. მინდა შეგახსენოთ, რომ წლებია ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ირანი აგრესიულადაა განწყობილი. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ამერიკელები ვართ და ასეთ დროს ერთად ყოფნა გვმართებს. მათგან საფრთხე მუდმივად მომდინარეობდა," - აღნიშნა სენატორმა მიტჩ მაკკონელიმ.

ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ამბობს, რომ ყასემ სოლეიმანი ტერორისტი იყო, წლების განმავლობაში 600 ამერიკელი სამხედრო მოკლა და შტატების მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს მომავალშიც შეუქმნიდა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ირანელი გენერალი ერაყში კოალიციურ ჯარებზე თავდასხმებს აწყობდა, სისხლში ახშობდა საპროტესტო აქციებს როგორც ირანში, ისე ერაყში, სირიაში მხარდაჭერას უცხადებდა ასადის რეჟიმს და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავდა. პომპეოს ​განცხადებით, სწორედ ამის გამო მოხვდა ირანელი გენერალი ამერიკის დაზვერვის ფოკუსში.

"შტატების დაცვას გავაგრძელებთ. ამ პოლიტიკის ნაწილი იყო სოლეიმანის ლიკვიდაცია. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არავის მივცემთ უფლებას მათ საფრთხე შეუქმნან. სოლეიმანი ტერორისტი იყო. მარტო სირიაში ათასობით ადამიანი მოკლა. ის პასუხისმგებელია ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზეც. ის რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევდა და ამას სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებების საშუალებით აკეთებდა. აღარ ვაპირებთ ასეთი ადამიანების მიმართ ტოლერანტები ვიყოთ," - აღნიშნა პომპეომ.

თეირანსა და ვაშინგტონში გაკეთებული ეს მკაცრი განცხადებები ევროპის შეშფოთებას იწვევს. გაირკვა, რომ რეგიონში ვითარების უკიდურესად გამწვავების გამო საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მანამდე კი ევროკომისიაში განმარტეს, რომ მზად არიან კონფლიქტის მხარეებს შორის შუამავლის როლი იკისრონ. ირანსა და შტატებს შორის ესკალაცია იყო გაეროს გენერალური მდივნის პრესკონფერენციის მთავარი თემა. ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან კიდევ ერთი ომი.

"ძალადობის ესკალაციას ვხედავთ და მნიშვნელოვანია დიპლომატიური გზების გამოყენება. ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება და ვეცდებით რეგიონის ყველა ძალასთან მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობები შევქმნათ," -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლეინიმ.

"სიტუაციის ასე გაგრძელება დაუშვებელია. პროცესებს თვალყურს ვადევნებ და შეშფოთებული ვარ. ყველა ლიდერთან კონტაქტი მაქვს. ჩემი გზავნილი მარტივი და ნათელია. შეაჩერეთ ესკალაცია. დაიწყეთ დიალოგი. ნუ დაგვავიწყდება, რა ზიანი მოაქვს ომს ადამიანებისთვის. ომის დროს განსაკუთრებით დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ მშვიდობიან მოქალაქეებს. ჩვენი მოვალეობაა ამ ომის თავიდან არიდება," - აღნიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერეში

ომის წინააღმდეგია ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომელიც მართალია ირანის საკითხთან დაკავშირებით შტატებს მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ ახალი კონფლიქტი არავის ინტერესშია.

ნატოს წევრმა ქვეყნებმა საგანგებო რეჟიმში შეხვედრა უკვე გამართეს. ლიდერების შეშფოთებას იწვევს ერაყის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბაღდადში ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორია ყველა უცხოელმა სამხედრომ, მათ შორის შტატების კონტიგენტმა უნდა დატოვოს. მედიაში დაიწერა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან გასვლისთვის ემზადებიან. თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი კი განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. უფრო მეტიც, შტატები რეგიონში დამატებით ძალებს გზავნის.

დღის ამბები