18 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მიმართავს თუ არა სინოდი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ - სასულიერო პირები შეწყალების ახალ კრიტერიუმებს გაეცნობიან

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი არ გამორიცხავს, რომ სინოდმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით ისევ მიმართოს. მიტროპოლიტი "​კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმართვის გაგზავნამდე შეწყალების ახალ კრიტერიუმებს გაეცნობიან. მისივე თქმით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სასულიერო პირები დღესასწაულების შემდეგ თავიანთი ეპარქიებიდან დაბრუნდებიან.

სასულიერო პირების გულწრფელობის არც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს და არც მამა ანდრია სარიას არ სჯერათ. ისინი ამბობენ, რომ სინოდის წევრების განცხადებები არაერთგვაროვანია და დამაჯერებლობისთვის მეტი მტკიცებულებები სჭირდებათ.

მამა ანდრია სარიამ დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოინახულა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და აზიარა. დეკანოზის მდგომარეობას საპატიმროში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტიც გაეცნო. არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

ციხეში მყოფი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სინოდის სხდომაზეც იმსჯელებენ. ჭყონდიდის მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ გიორგი მამალაძის ჯანმთელობის შესახებ მასაც აქვს ინფორმაცია და ის ამ მდგომარეობაში საკანში არ უნდა იყოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ ექპერტიზის 2 ურთიერთგამომრიცხავი დასკვნა არსებობს. სიმართლის დასადგენად ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სასულიერო პირის უკვე მეორე საქმე მიაქვს სტრასბურგში. მანამდე, დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საქართვლოში 2 სარჩელს ამზადებს. ერთით ციხეში მყოფი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადებას ითხოვს, მეორე კი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაა, რომელიც, თორნიკე მამალაძის განცხადებით, სასულიერო პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და პატივისა და ღირსების შელახვას უკავშირდება.

დღის ამბები