10 სექტემბერი 2026,   21:01
ვრცლად
ევროპაში საბინაო კრიზისი საგანგებო მდგომარეობად იქცა - ევროკავშირის საბინაო კომისარი დენ იორგენსენი

ევროპაში საბინაო კრიზისი "საგანგებო მდგომარეობად" გადაიქცა, რადგან ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდებს არ შეუძლიათ სახლების ყიდვა ან თუნდაც დაქირავება, - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბინაო კომისარმა დენ იორგენსენმა euronews-თან ინტერვიუში გააკეთა და დასძინა, რომ ბრიუსელი სიტუაციას "უკიდურესად სერიოზულად" ეკიდება.

ევროკავშირის მასშტაბით, საცხოვრებლის ქირაობა და ყიდვა სულ უფრო მიუწვდომელი ხდება. ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირში უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 60%-ით გაიზარდა, ხოლო გაქირავების ფასები იმავე პერიოდში - 20%-ზე მეტით.

"ბევრ ევროპულ ქალაქში ფასები ძალიან მაღალია. ჩვენ ვხედავთ რიგით ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური სამსახური აქვთ, როგორებიც არიან პოლიციელები, ექთნები, მასწავლებლები და ა.შ.,  რომლებიც ვერ პოულობენ საცხოვრებელს და იძულებულნი არიან დატოვონ ის ქალაქები, სადაც მუშაობენ. ეს სრულიად მიუღებელია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა იორგენსენმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი მზად არის იმოქმედოს, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებლის სფეროში პირდაპირი კომპეტენცია ან საკანონმდებლო უფლებამოსილება არ გააჩნია.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა აღიაროს, რომ ეს ასევე ევროპული პრობლემაა. ამიტომ, ჩვენ ბრიუსელიდან უნდა შევთავაზოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები", - განმარტა იორგენსენმა.

მედიის ინფორმაციით, იორგენსენმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ევროკომისიამ ახალი წესები წარადგინა, რომლებიც ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს უფრო მკაფიო წესებსა და სამართლებრივ საფუძველს მისცემს მოკლევადიანი დასასვენებელი საცხოვრებლების გაქირავების შეზღუდვისთვის. ეს ინიციატივა ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შესახებ კანონის ნაწილია.

ევროპის ქალაქებში, ლისაბონიდან და ბარსელონადან დაწყებული ბრიუსელით დამთავრებული, მოსახლეობა ჩივის, რომ Airbnb-ის მსგავსი მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმებმა, საცხოვრებლები ბაზრიდან გაიყვანა და ფასები გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის გაქირავება ევროკავშირის საცხოვრებელი ფონდის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს, ზოგიერთ ტურისტულად პოპულარულ ადგილას ეს მაჩვენებელი შესაძლოა 20%-მდეც აღწევდეს.

"ზოგიერთ ქალაქში, ამ მოკლევადიანმა გაქირავებებმა ჩვეულებრივი ადამიანები საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოდევნა, რადგან მოკლევადიანი გაქირავებით უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეიძლება", - განმარტა იორგენსენმა. 

დღის ამბები