26 აპრილი 2024,   06:42
ვრცლად
თუ ავიარეისები დაინიშნება ვლადიკავკაზიდან, მაშინ რა ლოგიკით არ უნდა იფრინოს მოსკოვიდან?- ექსპერტები ჩრდილოეთ ოსეთის ინიციატივაზე

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის შესახებ, ქართველი ექსპერტები აფასებენ. მათთვის გაუგებარია, რატომ გამოდის ფრენების ინიციატივით ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება. ექსპერტები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიმღები რუსეთის ხელისუფლებაა. 

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ფრენების აღდგენა კარგია, თუმცა ის სფეროს დივერსიფიცირების პარალელურად უნდა მოხდეს, კონკრეტულად, საქართველომ რუსეთს შანტაჟის საფუძველი არ უნდა მისცეს.

"შესაძლოა, ეს ინიციატივა უკავშირდება იმ რიგებს და გადატვირთულ სასაზღვრო ზოლს ლარსის პუნქტთან. თუმცა, მე ვერ ვხვდები, თუკი ასეთი ფაქტი მოხდება და ავიარეისები დაინიშნება ვლადიკავკაზიდან, მაშინ რა ლოგიკით არ უნდა იფრინოს მოსკოვიდან ან რუსეთის სხვა ქალაქებიდან თვითმფრინავებმა. კარგი იქნება საქართველოსთვის, თუ ეს ტურიზმს მოემსახურება," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა, გიორგი რუხაძემ.

ფრენების დანიშვნის შემთხვევაში, მიუღებელს ვერაფერს ხედავს ფინანსისტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიგა ბედინეიშვილი. მისი თქმით, რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა, ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანი ფაქტი იქნება. 

"ვლადიკავკაზიდან თუ დაინიშნა ფრენები, ამაში ძალიან ცუდი არაფერი არ არის. რუსი ტურისტები კი არ არის ჩვენთვის პრობლემა, ჩვენთვის პრობლემა არის რუსული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ის, რომ ოკუპანტია ქვეყანა, მაგრამ საქართველოში ტურისტების ჩამოსვლაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. მთავარია, ტანკებით და კალაშნიკოვით არ ჩამოვიდნენ, თორე ისე თუ ჩამოვლენ და ფულს დახარჯავენ საქართველოში, ეკონომიკისთვისაც კარგია ეს," - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის შესახებ წინადადებით ჩრდილოეთ ოსეთის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრი გამოვიდა. საკითხზე მსჯელობა მარტში, პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზეც იქნება. 

 

 

 

 

დღის ამბები