C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება გაუმართავი მენეჯმენტის გამართლებას პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმით ცდილობს.
"თუ დავით სეერგეენკო არ ენდობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" მთავრობას წარმოადგენს, ეს მათი პრობლემაა. დავით სერგეენკოს, ეკა ტიკარაძის და ამირან გამყრელიძის მხრიდან არის უიმედო მცდელობა, საკუთარი გაუმართავი მენეჯმენტი ამ პროგრამისა, გაამართლონ ისევ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმით.
2020 წლისთვის პროგრამა ვერ სრულდება, თორემ 60 ათასმა ადამიანმა რომ იმკურნალა, არავინ ამბობს რომ ცუდია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ისე, რომ გვესმოდეს, რა შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან ქვეყანა, როდესაც მას "ქართული ოცნება" მართავს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.