დედაქალაქის მერია 11 ობიექტზე მშენებლობებს დროებით აჩერებს. მათ შორის არის თბილისის, კოჯრის და შინდისის ტერიტორიები. განცხადება მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ გააკეთა. მერის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში 11 არეალი განისაზღვრა, სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ობიექტები ქაოტურად არის განლაგებული, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და მოსახლეობას პრობლემები ექმნება. მერია ახალ მშენებლებს ახალ პროექტს შესთავაზებს.
"მთელი ქალაქის მასშტაბით 11 არეალი განისაზღვრა, სადაც შევაჩერეთ პროექტები, მშენებლობების განხორციელება. ამ 11 არეალში არის კოჯრისა და შინდისის მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც რამდენიმე ასეულ ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რომ თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური განაშენიანება,“- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული გეგმის განხილვას თბილისის მერია ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე დედაქალაქის მოსახლეობასთანაც აპირებს.
"ჩვენ გვაქვს მომზადებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო და საგზაო სქემებს, ინფრასტრუქტურას და ასევე სწორ საკადასტრო გადანაწილებას. ჩვენ ვაპირებთ ამ გეგმების გავლას როგორც ბიზნესთან, ასევე მოსახლეობასთან," - განაცხადა ილია ელოშვილმა.