21 დეკემბერი 2024,   19:06
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გუნდმა პროპორციულ არჩევნებზე გადაწყვეტილება 2 წლის წინ მიიღო, 20 ივნისს კი მხოლოდ თარიღი გადმოწია

პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

საუბარია თალაკვაძის იმ კომენტარზე, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის მოვლენების დროს პროპორციული საარჩევნო სისტემის შეთავაზება გუნდმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით გააკეთა.

არჩილ თალაკვაძე დღეს უკვე ამბობს, რომ გუნდმა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიიღო, მაშინ როცა ცვლილებების ამოქმედება კონსტიტუციაში გაწერა. 20 ივნისს კი მხოლოდ თარიღი გადმოწია.

პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო ცვლილებების ჩაგდებას ოპოზიციის ქმედებებს უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის ოპონენტები ახლა ხელისუფლების კომპრომისულ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, რომელიც 100-50-ზე მანდატების გადანაწილებას გულისხმობს.

"ჩვენი შეთავაზების შემდეგ, ოპოზიციის მიერ, დესტრუქციული ქმედებების გაგრძელებამ და იმ ნაბიჯებმა, რომელიც ამის შემდგ მათ გადადგეს, დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი არ არის მზად თანამშრომლობისთვის. მათ რეალურად არ სურთ არც პროპორციული სისტემა და არც პასუხისმგებლობების გადანაწილება. ოპოზიციას ერთადერთი ამოცანა აქვს, მოძებნონ დესტაბილიზაციის გზა და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე სცადონ ძალაუფლების მოპოვება. 

ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საქართველოს პოლიტიკურ მომავალს და მშვიდ, შედეგზე ორიენტირებულ საქმიერ პოლიტიკას, გაემიჯნებიან ამ დესტრუქციულ პროცესებს და მათთან ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. თუ ეს არ მოხდება, მაშინ არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები