ინციდენტი გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - მერვეკლასელ ბიჭს დანა და ე.წ. კასტეტი უპოვეს. ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ სკოლის პედაგოგს მიაწოდა იმ დროს, როცა, სავარაუდოდ, მერვე კლასის მოსწავლე ცივი იარაღის გამოყენებას ცდილობდა.
შემთხვევა გორის მე-7 საჯარო სკოლაში გუშინ მოხდა. დაუზუსტებელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ მიიტანა მოზარდმა სკოლაში დანა საგაკვეთილო პროცესის მსვლელობის დროს.
"კურიერი" თავად მოზარდსაც ესაუბრა და დაუსვა კითხვები იმის შესახებ, ჰქონდა, თუ არა რაიმე დაპირისპირება თანატოლებთან, თუმცა მან ამ საკითხზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
"ბავშვს ჰქონდა დანა წაღებული სკოლაში, ეს უნახა მასწავლებელმა და მაგის გამო გადავედით პოლიციაში. დილით თამაშობდა და მერე ჯიბეში ჩაიდო და გაიყოლა. დასვენებაზე ამოიღო, ათამაშებდა და მაშინ ჩამოართვეს," – აცხადებს მოსწავლის მშობელი.
სკოლაში ცივი იარაღის მიტანისა და აღმოჩენის შემდეგ სკოლის პედაგოგმა მანდატურის სამსახურს მიმართა. ამის შემდეგ კი, პროცესში პოლიციაც ჩაერთო, თუმცა სკოლის დირექტორს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიტანა მოზარდმა სკოლაში დანა ის მშობლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
"კლასის დამრიგებელს ჰქონდა ინფორმაცია თავისი მოსწავლის შესახებ, რომელიც ფლობდა ამ ცივ იარაღს. გამოვლინდა კიდევ კასტეტი, ქამარია ჩვეულებრივი, ქამარს გააჩნია ეს თავისი შესაკრავი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, როგორც ვთქვათ კასტეტი. ესეც აღმოაჩნდა იგივე მოსწავლეს.
მე ვფიქრობ, რომ მეტი მუშაობა უნდა გაეწია სახლში მშობლების მხრივ და მეტი მონიტორინგია საჭირო, მარტო სკოლა აღნიშნულ პრობლემებს ვერ უშველის თუ მშობელმა არ გააკონტროლა სახლიდან, თუ როგორ გამოდის მისი შვილი სკოლაში," - განაცხადა გორის #7 საჯარო სკოლის დირექტორმა ნოდარ იარღანაშილმა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე სკოლამ უნდა იმუშაოს.
"სავარაუდოდ ეს არის ასაკობრივი ცნობისმოყვარეობა და მიდრეკილება ე.წ. ბიჭური, კაცური საგნებისადმი, თანატოლებში არასწორი ღირებულებების საშიშროება შეიძლება იყოს და ამაზე სკოლამ უნდა იმუშაოს რა თქმა უნდა," - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.
საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. უკვე დაიკითხა მოზარდი, მშობელთან ერთად. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. სკოლიდან ამოღებული ცივი იარაღები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.