26 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა სამუშაოები შეაჩერა

თბილისში, მშენებარე კორპუსში, საიდანაც დღეს ორი მუშა გადმოვარდა, შრომის უსაფრთხოების სამსახურმა ობიექტებზე სამუშაოები შეაჩერა.

პირველადი დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მშენებარე კორპუსში შრომის უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადგილზე მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი. მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს იმისთვის, რომ სრულფასოვნად მოხდეს იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესწავლა, თუ რამ გამოიწვია ეს შემთხვევა.

მოკლევადიან პერსპექტივაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონმა იმოქმედა, აღსრულების ნაწილი იყო ეფექტური და გვაქვს ფატალური შემთხვევების 35 პროცენტიანი კლება.

შრომის ინსპექცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყალიბდება. რაც შეეხება შრომის უფლებებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადებულია პროექტი და უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი განხილვები," - აცხადებს ბექა ფერაძე.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში, ნაძალადევის რაიონში მშენებარე კორპუსიდან საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე ამ დროისთვის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დღის ამბები