ხარაგაულში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი მდინარე ჩხერიმელას ადიდებაა, რამაც ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ საყრდენ ბოძებს ძირი გამოუთხარა.
მომხდარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულის და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
სტიქიის ზონაში ახლა სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობას ელექტრომომარაგება სავარაუოდოდ დღის ბოლომდე აღუდგება.
"არავინ დაშავებულა, ჩამოინგრა გზის ნაწილი და ელექტროგაყვანილობის საყრდენი ბოზები დაზიანდა. ამ წუთებში სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტრო ენერგია რამდენიმე საათში აღუდგება მიმდინარე უბნებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" წევრმა, ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა.
ამ დროისათვის "ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით სამუშაოებს ახორციელებს. მათი ინფორმაციით, ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღდგება.