11 სექტემბერი 2026,   16:29
ვრცლად
გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მსხვერპლია - ოპოზიცია გავრცელებულ ვიდეომასალაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. ზაალ უდუმაშივილის განცხადებით, რურუას საქმე გაყალბებულია, გიორგი რურუა კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მსხვერპლი.

"ძალიან მძიმე საყურებელი იყო ეს კადრები. კარგად დავინახე და მთელმა საზოგადოებამ დაინახა, როგორ ეპყრობა ივანიშვილის რეჟიმი პოლიტპატიმრებს, როგორი ძალადობით აიღეს მისგან დნმ-ის ნიმუშები. ეს საქმე თავიდანვე რომ გაყალბებული იყო, ყველამ ვიცოდით. არ არსებობს არანაირი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაამტკიცებს რაიმე ბრალეულობას. გიორგი რურუას მთავარი  ბრალეულობა არის ის, რომ ის არ ეგუებოდა ამ რეჟიმს. ის არის მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი და შესაბამისად, ის გახდა ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკური სარჩული უდევს და ყველა ის პირი, ვინც ამ უკანონო ქმედებაში მონაწილეობდა, აუცილებლად აგებს პასუხს.

"გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შინაარსის. ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობს ამ უკანონო მოქმედებებში თავად ჩადის დანაშაულს და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი მას, ვინც ბრძანება გასცა იარაღის ჩადებაზე, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და შემდგომ შექმნა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები ექსპერტიზების, დნმ-ის, ანაბეჭდის და ა.შ. ყველა პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით, ხოლო, გიორგი რურუა გათავისუფლდება და იქნება რეაბილიტირებული," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არსებული სისტემა არის ძალადობრივი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ შეცვლილა.

"ეს არის კიდევ ვიმეორებ, საბჭოთა მეთოდი, როცა 5 კაცი დატუსაღებულ ადამიანს ხელებს უგრიხავს და რაღაცეების გამოძალვა უნდათ. ეს სისტემა არის ძალადობრივი, ამ სისტემაში არაფერი არ შეცვლილა, არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის დროიდან, არ შეცვლილა წინა ხელისუფლების დროიდან და არ შეცვლილა ამ ხელისუფლებაში. ეს არის გადაბარებული მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დამთავრდეს," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსნებთ, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშები ძალის გამოყენებით აიღეს.

პენიტენციური დაწესებულების განცხადებით, არსებობდა ნებართვა, რომ თუ ბრალდებული კვლავ უარს განაცხადებდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, საგამოძიებო მოქმედება იძულების წესით ჩატარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დატოვების შემდეგ დააკავეს. სამართალდამცავები მას იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავებიან. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები