12 სექტემბერი 2026,   15:46
ვრცლად
ხმაური ხელვაჩაურში - ორგანიზაცია "ალტერნატივა" და მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები ხელვაჩაურის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ

ხმაური იყო ხელვაჩაურის მერიასთან - არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" და მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები ხელვაჩაურის მერს შეხვდნენ. მათ მერს შეკითხვები მდინარე აჭარისწყალზე ინერტული მასალის მოპოვებასთან დაკავშირებით დაუსვეს და ჯუმბერ ვარდმანიძე კორუფციაში დაადანაშაულეს.

"თქვენი ნებართვით და ხელშეწყობით მდინარიდან იღებენ ინერტულ მასალას უკანონოდ, რამაც შეიძლება მოსახლეობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, თქვენ იქ აკეთებთ ტბორებს და თევზის მოშენებას აპირებთ, თქვენ ხართ კორუმპირებული" - მიმართა მერს აქციის მონაწილემ ხათუნა ბერიძემ.

შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და აქციის მონაწილეებმა მერის კაბინეტი დატოვეს.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", ამ მოძრაობას საქმე გამოელია და ასეთ ქმედებებზე გადავიდა, მათ არ მოაქვთ ფაქტები, დოკუმენტები და უნდათ მხოლოდ ხმაური. აჭარისწყალში ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. თუ ვინმეს აქვს ფაქტი მიმართოს ჩემს წინააღმდეგ სამართალდამცველებს" - განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ

შეხვედრის ჩაშლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მერიის ტერიტორია დატოვეს.

დღის ამბები