10 სექტემბერი 2026,   14:00
ვრცლად
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დარჩა, სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატი გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს.

თავად დაკავებული გამომძიებელი ბრალს არ აღიარებს. დღეს ის პროცესსაც არ დასწრებია, მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. 

"დაცვის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას, სრულად იქნა წარდგენილი და დაკმაყოფილებული სასამართლოს მხრიდან, თუმცა ამავე დროს განვმარტავ, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს, უმნიშვნელოვანესია გამოკვლეული იქნეს ყველა ის მტკიცებულება, რომელიც არის მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობის დამადასტურებელი.

ბრალდების მხარემ დღესაც სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის ჩვენება,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა. ბრალდების მხარის განცხადებით, გამოძიებამ სასამართლოში მტკიცებულებათა ნუსხა წარადგინა, რომელიც დაცვის მხარეს სადაო არ გაუხდია.

"საქმეზე არსებობს კონკრეტული საშიშროება, რომ სამართალწარმოებას შესაძლოა ხელი შეუშალოს, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის საფრთხე.

ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ნუსხა, რომელთა სრული მოცულობით დაშვებაც მოხდა სასამართლოს მიერ,"- აცხადებს პროკურორი ლევან ქუთათელაძე.

დაკავებულს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების მიცემაში ადანაშაულებენ. ლუკა სირაძე პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით შენობიდან გადახტა.

დღის ამბები