10 სექტემბერი 2026,   14:52
ვრცლად
"გიგი არის პოლიტპატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო შემთხვევა" - უგულავასთან ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი იმყოფება 

ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავასთან მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია იმყოფება. ადვოკატის თქმით, საუბარი პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ფორმატში საქმის შესწავლას შეეხება. ბექა ბასილაია გიგი უგულავას საქმეში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და საქმის დეტალების კომისიისთვის გადაცემას აპირებს. 

"გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით შექმნილია კომისია, რომელიც სწავლობს პოლიტპატიმრების საკითხებს. გიგი არის პოლიტპატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო შემთხვევა არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში.

დღეს გიგის უნდა შევხვდე ამ საკითხებთან დაკავშირებით სასაუბროდ და შემდეგ კომისიას გავაცნო ყველა ის პროცესუალური თუ მატერიალურ-სამართლებრივი დარღვევა, რასაც გიგის საქმეში ჰქონდა ადგილი.

უნდა ავუხსნა ყველა დეტალი, რაც პროცესუალური თუ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ჯამბაზმა თადუმაძემ, შავლიაშვილმა და გაბინაშვილმა ჩაიდინეს გიგის წინააღმდეგ.

მათ შორის, ის რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა, ის, რომ გიგის თავისუფლების აღკვეთა მოხდა სხვა მიზნით და არა მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მათ შორის ის, რომ აცილებას დაქვემდებარებულმა მოსამართლემ განიხილა საქმე, ის, რომ დაცვის მხარეს არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ასევე, რომ ისეთ საქმეზე დაინიშნა სასჯელი, რა საქმეზეც სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ჩათვლილი ჰქონდა სასჯელი და ა.შ." - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

დღის ამბები