თბილისის საქალაქო სასამართლოში "გაბედეს" 4 აქტივისტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი 22 ნოემბერს, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, სადაც აქტივისტები შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ.
მათ შორის არის ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ბექა ნათელაშვილი, რომელიც პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში "გაბედეს" 14 აქტივისტი დააკავეს.
"ქართული სასამართლო სრულიად არაპროგნოზირებადია და ყველა ვხედავთ, რომ მორიგეობით იმართება სასამართლო პროცესები, ხან პოლიტიკოსების, ხან ტელევიზიების მფლობელების, ხან სამოქალაქო აქტივისტების. არ აქვს ამას მნიშვნელობა, - ჩვენ დაგვიჭერენ, სხვა გააგრძელებს ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, ისევე, როგორც ფეხქვეშ გათელეს ქართველი ხალხის ოცნებები, ისე გათელავს ქართველი ხალხი ფეხქვეშ პოლიტიკურ პარტიად წოდებულ "ოცნებას,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით, მსგავსი საქმეები ხელისუფლების მმართველობის დასასრულს მოაახლოებს.
"ამოქექეს 3 თვის წინანდელი საქმე და დღეს აგრძელებენ ამ საქმის განხილვას. ბუნებრივია, ეს მეთოდები მოძველებულია. ასეთი ქმედებები დააჩქარებს არსებული რეჟიმის დემონტაჟს და მისი დღეები დათვლილია. დღეს იწერება სწორედ ივანიშვილის და მისი ბანდის განაჩენი,"-განაცხადა გიორგი გუგავამ.