18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
საგარეჯოს სოფლების წყლის პრობლემა - მოსახლეობის ინფორმაციით, სასმელ წყალში ფეკალიები და ეკოლის ბაქტერიები აღმოაჩინეს

წყალში, რომელიც ერთი შეხედვით სუფთად გამოიყურება, ლაბორატორიულმა ანალიზმა ფეკალიები და ეკოლის ბაქტერიები გამოავლინა. საგანგაშო მონაცემებიდან გაირკვა, რომ სოფელ პატარძეულის მოსახლეობას სასმელად გამოსაყენებელი წყალი რამდენიმე თვის განმავლობაში დაბინძურებული სახით მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, სოფელში ყველა ოჯახს სასმელი წყლის ყოველდღიურად ყიდვის საშუალება არ აქვს, ამიტომ სვამენ იმას, რაც ონკანში მოდის.

ლაბორატორიულმა კვლევამ დაბინძურება უჩვენა საგარეჯოს რაიონის კიდევ სამ სოფელში. ნინოწმინდაში, თოხლიაურსა და გიორგიწმინდაში აღებული სასმელი წყლის სინჯებშიც ჯანმრთელობის დამაზიანებელი ბაქტერიები გამოვლინდა.

წყლის ხარისხის შემოწმება ადგილობრივებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც სითხეში უცხო სხეულები შენიშნეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმებისა და საგანგაშო მონაცემის გამოვლენის შემდეგ კი, ადგილობრივ ხელისუფლებას რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექციისა და სასმელი წყლის ქლორით გაწმენდის რეკომენდაცია მისცა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგისგან რადიკალურად განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. საგარეჯოს საკრებულოში "კურიერს" ალტერნატიული კვლევის შედეგებს აჩვენეს, რომლის მიხედვითაც ბოლო სამი თვის განმავლობაში წყალში მავნე ბაქტერია არ აღმოჩენილა.

ქალაქის მერია მიმდინარე წლის ბიუჯეტით საგარეჯოს სოფლებში სათავე ნაგებობების მოწყობის პროექტის განხორციელებას გეგმავს.

დღის ამბები