18 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში სულ 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, საიდანაც ამ ეტაპზე კორონავირუსის მხოლოდ 3 შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, სამივე დაინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადიან ინტენსიური დაკვირვების და მკურნალობის პროცესს.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 24 ნიმუშია გაგზავნილი, რომლის პასუხსაც დღის ბოლომდე ელოდებიან.

"საქართველოში სულ 130 შესაძლო შემთხვევა გამოვიკვლიეთ და აქედან სამს დაუდასტურდა. მათი კლინიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ცენტრში კიდევ 24 ნიმუშია გადაგზავნილი, რომლის პასუხსაც დღის ბოლომდე ველოდებით. დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში შემოსული ადამიანების მაღალ მონიტორინგს. თითქმის შეწყდა ირანიდან და ჩინეთიდან შემოსულთა რაოდენობა. ახლა ძირითადად ქვეყანაში იტალიიდან შემოდიან და მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

დღეის მონაცემებით, კარანტინში სულ 119 ადამიანია მოთავსებული. აქედან 31 საჩხერეში რჩება, 26 აბასთუმანში, 14 ტუბერკულოზის ცენტრში, 35 კლინიკა ვივამედში, ხოლო 13 რესპუბლიკურში, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, როდესაც დადასტურდა, რომ კორონავირუსი არ ჰქონდათ. 24 ადამიანი ისევ რჩება ინფექციურ საავადმყოფოში, აქედან 3 კორონავირუსით დაინფიცირებული, დანარჩენებთან დაკავშირებით კვლევის პასუხებს ველოდებით, ისინი მონიტორინგის ფაზაში არიან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები