საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თავს კარგად გრძნობს. ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე ამბობს, რომ მეორე საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს დღეს ელოდებიან. ორივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუმცა თავად სამოგზაუროდ არ ყოფილან.
"ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, ერთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, მეორის ანალიზი დღეს აიღეს და საღამოს ველოდებით პასუხს. თავს კარგად გრძნობენ. ორივეს ჰქონდა უცხოელებთან შეხება, თუმცა თვითონ სამოგზაუროდ არ იმყოფებოდნენ.
ზოგადად, მომართვიანობა გაზრდილი არ არის, სხვა პაციენტები ასეთი სიმპტომებით არ გვყავს," - აღნიშნავს ქამუშაძე.
საქართველოში კორონავირუსის 13 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში კი 128 ადამიანი რჩება.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 26 მოქალაქეა დაკვირვების ქვეშ.
"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნა გუშინ ცხელება 37.2, ამ დილას უკვე ნორმის ფარგლებშია. გუშინ ორი პაციენტი გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან იყვნენ დაკვირვების ქვეშ, თუმცა მათი პასუხიც კორონავირუსის ტესტზე უარყოფითია," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ.