18 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
იქნება თუ არა კოალიციური მთავრობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ - საკითხზე აქტიური საუბარი უკვე მიმდინარეობს

როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი 2020 წლის არჩევნების შემდეგ - ამ საკითხზე უკვე აქტიური საუბარი მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებენ, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში არჩევნების შემდეგ დადგება. 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების უმეტესობა თანხმდება, რომ კოალიციური მთავრობა გარდაუვალი იქნება. 

"მე დავტოვებ ინტრიგას და არ გეტყვით არაფერს, არც გამოვრიცხავ რამეს და არც რაიმეს ვადასტურებ. ჯერჯერობით, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი რესურსების მობილიზაცია და შევიდეთ მაქსიმალურად მეტი რაოდენობით პარლამენტში, რომ ნებისმიერი ტიპის კოალიციების შექმნისას ჩვენ გვქონდეს გადამწყვეტი სიტყვა,“ - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა "ქართული ოცნების“ გარდა კოალიციური მთავრობის ფორმირებას დანარჩენ პოლიტიკურ ძალასთან ერთად შესაძლებლად მიიჩნევს.  

"ადამიანს აქვს უფლება იყოს ბედნიერი და ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანს შესაძლებლობა ექნება საკუთარი რეალიზებისა, ამავე დროს მართლმსაჯულების საკითხები, საგარეო ორიენტირების საკითხები და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია შესაძლებელია ამ მიმართულებით ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა ოცნებისა, მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის ფორმირება,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში ყოფნას კატეგორიულად გამორიცხავს.

"რჩება რეალობად ჩვენთვის, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის პოლიტიკურ ძალებთან ლელო არ განიხილავს კოალიციაში ყოფნას. ეს იყო პირველივე დღეს გაკეთებული განაცხადი, რომლის ერთგულიც ჩვენ ვრჩებით. იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შინაარსის პოლიტიკაზე და ამ ახალი შინაარსის პოლიტიკას სჭირდება რეალური სიახლე,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

განცხადება ამასთან დაკავშირებით გაკეთდა "გირჩში", სადაც საკუთარი პრინციპები აქვთ და ამ საკითხებში თანხვედრის შემთხვევაში, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს. 

"ჩვენ გვაქვს რაღაც საკითხები, რომელიც გვაინტერესებს ძალიან. ეს არის ერთი საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა და მეორე არის პრივატიზაცია, ანუ უფრო ზუსტად, ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნება. ამ საკითხზე ვინც წამოვა ჩვენთან სათანამშრომლოდ და ვინც ამ საკითხზე იგივეს ფიქრობს, როგორც ჩვენ ვფიქრობთ და გულწრფელია თავის ამ სურვილებში, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ ვინც არ უნდა იყოს ის,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები