18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
დაცარიელებული ქუჩები და ცენტრალური მოედნები - "კურიერს" კადრები იტალიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მიაწოდეს

ქალაქი რომი, სადაც ყოველდღიურად ასიათასობით ტურისტი ჩადიოდა, დღეს თითქმის ცარიელია.  სიცარიელეა ცენტრალურ მოედნებზე, მეტროსადგურებსა და ტრანსპორტში. კადრები "კურიერს" იტალიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მიაწოდეს. ისინი კარანტინში იმყოფებიან და აუცილებელი საჭიროების გარეშე მაღაზიაშიც არ გადიან.

იტალია წითელ ზონად გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა. აიკრძალა ქვეყანაში შიდა გადაადგილება ქალაქებს შორის. მგზავრობა მხოლოდ სამ შემთხვევაში: სამსახურის, სამედიცინო საჭიროებისა და გადაუდებელი შემთხვევების დროს არის დაშვებული. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დღეს ქალაქები ფორსმაჟორულ ვითარებაში დატოვა და ჩრდილოეთიდან სამხრეთ იტალიისკენ გაემგზავრა.

60-მილიონიანი ქვეყანა, ფაქტობრივად, გაჩერებულია. 3 აპრილამდე იტალიაში აიკრძალა საზოგადოებრივი შეკრებები, გაუქმდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება. ქვეყანაში კარანტინი პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

იტალიაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

იტალია ჩინეთის შემდეგ სიკვდილიანობითა და ვირუსის გავრცელებით მეორე ქვეყანაა. ამ დროისათვის ვირუსმა ქვეყანაში 463 ადამიანი იმსხვერპლა, დაავადებას 9 000-ზე მეტი პაციენტი ებრძვის.

დღის ამბები