18 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა კიდევ 3 ქვეყანაში გამოვლინდა

ბოლივია, იმაიკა, თურქეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ყველა ინფიცირებულმა "კოვიდ 19"-ის დადასტურებამდე ევროპაში იმოგზაურა, მათ შორის თურქეთის მოქალაქემაც.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო, ამიტომ ეპიდაფეთქების საშიშროებას ვერ ხედავს. პრევენციის მიზნით, ანკარა მოქალაქეებს საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

საგანგებო სიტუაციაა გერმანიაშიც, სადაც ამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბერლინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - თეატრებში, ოპერასა და საკონცერტო დარბაზებში შეზღუდვებს აწესებს. ამ ფონზე საგანგაშო განცხადებას აკეთებს გერმანიის კანცლერი.

ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით შესაძლოა მოსახლეობის დიდი ნაწილი დაინფიცირდეს. მისივე თქმით, ქვეყნები უნდა მობილიზდნენ, გერმანია კი ამ კრიზისს დეცენტრალიზებული ფორმით გაუმკლავდება.

მაღალია ინფიცირების სტატისტიკა ირანში, სადაც ვირუსი 9 ათას ადამიანს დაუდგინდა, 354 პაციენტი კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების და დაღუპვის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსი 956 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 68 პირი გარდაიცვალა. 

კორონავირუსით დაავადებულია ირანის პარლამენტის ოთხი წევრი, ასევე ხელისუფლების რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის ვიცეპრეზიდენტი.

ეპიდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით მრავალ მეჩეთში პარასკევის ლოცვა გაუქმდა. ახლო აღმოსავლეთში ირანი ახალი კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ცხელი წერტილია. ამ ფონზე თეირანს გაერო მოუწოდებს, ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს.

ვირუსი საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. "კოვიდ 19"-მა უკვე 40-მდე შტატი მოიცვა. თუმცა, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შტატებში. სწორედ ნიუ-იორკში გაუქმდა კორონავირუსის თაობაზე დაგეგმილი კონფერენცია. 1000-ზე მეტი ინფიცირებული და 32 გარდაცვლილი - ასეთია შტატების ბოლო სტატისტიკა.

კონგრესის ექვსი წევრი კი, რომელთაგან რამდენიმეს კონტაქტი ქვეყნის პრეზიდენტთანაც ჰქონდა, თვითიზოლაციაშია, ტავად პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ სიმპტომები არ აქვს და არც ანალიზის ჩატარების აუცილებლობას ხედავს.

არ გამივლია შემოწმება Covid 19-ით ინფიცირებაზე, ვინაიდან არ მქონია ხანგრძლივი კონტაქტი კორონავირუსით ინფიცირებულ რომელიმე პირთან. სიმპტომები არ მაქვს. თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი პირადი ექიმი ყურადღებით აკვირდება ჩემს მდგომარეობას."

სანამ ტრამპი დაკვირვების ქვეშაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის ექსპერიმენტული პრეპარატის კლინიკურმა ცდებმა ეფექტური შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ "რემდესივირი“ ის პრეპარატია, რომელიც კორონავირუსიან პაციენტებზე დადებითად მოქმედებს.

პრეპარატის კლინიკური ცდების პირველი ოფიციალური შედეგები მომდევნო თვეში იქნება ცნობილი. მანამდე კი პოზიტიური სტატისტიკაა ჩინეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა 70 პროცენტი გამოჯანმრთელდა.

შემცირდა ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების რაოდენობა. შედეგად სპეციალურად კოვიდ-19-ის გამო გახსნილი 16-ვე საავადმყოფო დაიხურა.

"გამარჯვება უხანში გამარჯვებაა ხუბეის პროვინციისა და ზოგადად ჩინეთისთვის," - ამ სიტყვებით მიმართა ჩინეთის ლიდერმა მოსახლეობას, საიდანაც ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

დღის ამბები