ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ პაციენტებს COVID-19 არ დაუდასტურდათ. ხუთი მოქალაქის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელებისთანავე დატოვებენ.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ამ დროისთვის, კლინიკაში ანალიზების პასუხებს ექვსი პაციენტი ელოდება. მათი ნაწილი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით, ნაწილი დღეს შევიდა. პაციენტებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ და მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ექიმის თქმით, პაციენტებს დამატებით კიდევ ელოდებიან და არ გამორიცხავენ, რომ მიმართვიანობა გაიზარდოს.
წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან კლინიკაში მხოლოდ ორი პაციენტი ჰყავთ შეყვანილი.