ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ სერიოზული და დიდი- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება ეკონომიკის დასახმარებლად დგამს:
"მთავრობამ ამ ეტაპზე ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, 4 თვით გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადს. პირველ ნოემბრამდე 18 ათას კომპანიას და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს, ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზემოქმედება შეძლებისდაგვარად შემსუბუქდეს.
"ახლა არ არის პანიკის დრო არის კონკრეტული ეფექტური ნაბიჯების დრო, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და პირველი ნაბიჯები იყო ამისთვის გადადგმული, ხოლო შემდგომ მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახლავთ ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რომელიც აუცილებლად იქნება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.