ცოტა ხნის წინ, მარნეულის საკარანტინე ზონაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შევიდა. მათი წარმომადგენლები მარნეულში სადეზინფექციო სამუშაოებს იწყებენ. ამისთვის 8 სპეციალური მანქანა გამოიყენება.
საერთო ჯამში, რეზერვში სულ 60 სადეზინფექციო მანქანა არსებობს, თუმცა ამ დროისთვის მარნეულისა და ბოლნისის შეწამვლის პროცესში მხოლოდ რვას გამოიყენებენ. ეს არის სწორედ ის ტექნიკა, რომელიც ასევე ფაროსანასთან ბრძოლის დროს შეწამვლითი სამუშაოებისას იყო გამოყენებული.
"ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შესული არის 8 ერთეული სატრაქტორო შემასხურებელი აგრეგატი. საერთო ჯამში მობილიზებულია 60 ერთეულამდე ტექნიკა. ქალაქის ტერიტორიების დამუშავება დაიწყება და რა თქმა უნდა იმ ტერიტორიების, სადაც კონტაქტი იყო," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.
მარნეულის საგუშაგოსთან საკარანტინე ზომები გამკაცრდა. სამხედრო მოსამსახურეებმა მავთულხლართებით უფრო მეტი პერიმეტრი შემოსაზღვრეს. კონტროლი ასევე სხვადასხვა საშუალებებითაც გრძელდება, მათ შორის ოპტიკური ხელსაწყოებით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით და ასევე დრონის გამოყენებით.
რაც შეეხება გადაადგილებას, შეზღუდვები არ ეხება კრიტიკული ობიექტების წარმომადგენლებს, მათ შორის ექიმებს, სადისტრიბუციო მანქანებს. ისინი დღეს დილიდან აქტიურად კვეთენ გამშვებ პუნქტს.