საქართველოში საყოველთაო კარანტიინი გამოცხადდა - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში.
"საბოლოო მონაცემებით, ჩვენ ქვეყანაში უკვე 100 ინფიცირებული გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებული გვყავს, დინამიკა ინფიცირებულების ზრდის მაღალია. დღეს ჩვენ გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ, მარნეულში ასეთ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად.
ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც გლობალურია, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო სახელმწიფო უწყებების შრომით და ჯანდაცვის სფეროს შრომით, არამედ ერთობლივი ძალებით.
სამწუხაროდ ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს გააზრებული რისკები, რომლებიც გადაადგილდებიან, მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მათი ყოველდღიური წესის გაგრძელება. ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი. ამიტომ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, ვფიქრობ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ესე მოქცევა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომელიც კრანტინის პირობებში უნდა განხორციელდეს.
"ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, ამათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით. იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრი სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნებათ ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.
პრემიერთან შეხვედრა დღეს გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. საბჭოს წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობა.