18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები, პრეზიდენტის შეწყალება და გახმაურებული საქმეები - ომბუდსმენის ანგარიში

კორონავირუსის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში ელექტრონულად შევიდა და მისი განხილვა ძველ ტრადიციულ ფორმატშიც ვეღარ მოხდება.

სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტები და 20-21 ივნისის მოვლენების დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიება - ეს იმ საკითხების მხოლოდ ნაწილია, რომლებზეც ომბუდსმენი თავის ყოველწლიურ ანგარიშში აქცენტებს აკეთებს. ნინო ლომჯარიას თქმით, როცა 20-21 ივნისის მოვლენები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ ყოფილა.

უმძიმესი ანგარიში - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ისინი აქცენტს პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობასა და სასამართლოზე აკეთებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის გაუმჭვირვალე პროცესზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის ყოველწლიურ ანგარიშში სწორედ მართლმსაჯულების მხრივ არსებული პრობლემების ნაწილმა მიიპყრო დამოუკიდებელი დეპუტატების ყურადღება.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების ხმაურიან აქტებზე. ომბუდსმენის შეფასებით, შეწყალებული პირების სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გათავისუფლებით დაირღვა სიცოცხლის უფლება.

სახალხო დამცველის ანგარიშს რეალობასთან აცდენილს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრები 20-21 ივნისის მოვლენების ომბუდსმენისეულ შეფასებას არ ეთანხმებიან.

ომბუდსმენის ანგარიშში წელსაც მოხვდა ე.წ გახმაურებული საქმეები, როგორებიცაა თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიასი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის. ყველა ამ შემთხვევაზე დაწყებულ ან შეწყვეტილ გამოძიებაზე ნინო ლომჯარიას კითხვები აქვს და კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე, გამოძიების განახლებას ითხოვს.

დღის ამბები