საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახაბერ საბანაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტები იკლებს. მისი თქმით, სანქციების მიზანი პრევენციაა და არა საზოგადოების დასჯა.
"სამწუხაროდ, მოგვიწია მოქალაქეების დაჯარიმება, თუმცა ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანია, მოქალაქეების მაქსიმალურად ინფორმირება და პროაქტიურ რეჟიმში გაფრთხილება, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფაქტი მოხდეს დარღვევის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს დარღვევებზე შესაბამისი რეაგირება.
ამ კუთხით, დანაშაულის ჩადენის ტენდენცია არის კლებისკენ და მინდა ამისთვის მინდა მოსახლეობას მადლობა გადავუხადო,"- განაცხადა კახაბერ საბანაძემ.
კითხვაზე, დაიშვება თუ არა გამონაკლისები იმ ოჯახისთვის, რომელთაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ორი მცირეწლოვანი ბავშვით ავტომობილით გადაადგილება შეიძლება მოუწიოთ, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ შეზღუდვის ზედმიწევნით შესრულება განსაკუთრებულად აუცილებელია.
"მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთი ავტომობილით სამზე მეტი პირის გადაადგილება იკრძალება. შესაბამისად, ეს არის დარღვევა და სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს ამ მიმართულებით რეაგირება. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში, ემსახურება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას და მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ზედმიწევნით იყოს დაცული,"-განაცხადა კახაბერ საბანაძემ.