კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი ფონდი ერთ დღეში 100 მილიონით გაიზარდა. შემომწირველი ბიძინა ივანიშვილია. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ოჯახის სახელით თანხა ფონდ "ქართუში" გადარიცხა, "ქართუმ" კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში. ფაქტს უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი მაგალითი უწოდეს "ქართულ ოცნებაში".
100 მილიონი ოპოზიციას ეცოტავა - ბიძინა ივანიშვილი შემოწირულობისთვისაც გააკრიტიკეს და თქვეს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ქველმოქმედების არ სჯერათ.
მმართველ გუნდში დღეს განმარტეს, რომ ფონდში მობილიზებული უკვე 125 მილონამდე ლარი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე დაიხარჯება. პრიორიტეტი კი ვირუსის გამო ეკონომიკურად ყველაზე დაზარალებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების დახმარება იქნება.
ამ დროისთვის კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში ზუსტად 124 543 899 ლარია მობილიზებული, ბოლო მონაცემებით, შემოწირულობა 130-მდე ორგანიზაციამ განახორციელა.
თანხის ჩარიცხვა Stopcov ფონდში ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ.