ქვეყანაში არსებულ ვითარებას სახალხო დამცველი "ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება - ომბუდსმენი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტად არა პოლიტიკოსების და სასულიერო პირების, არამედ - პროფესიონალების ხმა უნდა ისმოდეს.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ახლა სპეციალისტებმა უნდა აიღონ ხელში ინიციატივა და მოსახლეობას საფრთხეების შესახებ მითითებები უნდა მისცენ.
"მოკლედ, კრიზისის ყველაზე გადამწყვეტ დროს, ერმაც (მთავრობამ) და ბერმაც (ეკლესიამ) გვითხრა, რომ თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო.
ასეთ უიმედო ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე ხმამაღლა უნდა ისმოდეს არა პოლიტიკოსების, არა სასულიერო პირების, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების, დარგის პროფესიონალების ხმა! ისინი უნდა დადგნენ დღეს გავლენებისა და პოლიტიკის მიღმა, მათ უნდა აიღონ ხელში ინიციატივა, მათ უნდა მისცენ ძალიან ნათელი, პრინციპული და არაორაზროვანი მითითებები მოსახლეობას საფრთხეებისა და ქცევის წესების შესახებ, რომ პრობლემა თბილისიდან გასვლა, ან 21:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი არ არის, საფრთხის შემცველია ნებისმიერი კონტაქტი - სამძიმარზე მისვლა, მეგობართან სტუმრობა, მეზობელთან ყავის დალევა, დეიდა-ბიცოლასთან სააღდგომოდ პასკის საჭმელად გადასვლა, ეკლესიებში თუ სასაფლაოზე მოქალაქეთა ერთად ყოფნა!
მუდმივად, დღეში რამოდენიმეჯერ, ხმამაღლა და მომთხოვნი ტონით უნდა იმეორეთ, რომ საფრთხე რეალურია და ახლოსაა!
გამოდით ბატონებო, და გაუმეორეთ ყოველდღე ეს ჩვენ მოქალაქეებს, აუხსენით ის საშიშროება, რის წინაშეც შეიძლება დავდგეთ 2 კვირაში, დამიჯერეთ, დაგიჯერებთ თქვენ ხალხი და არავინ გაგკიცხავთ, თქვენ ხომ არც არჩევნების წაგების ან გავლენის დაკარგვის შიში არ გაქვთ. დღეს ეს თქვენი ვალი და პასუხისმგებლობაა!"- მიმართავს ომბუდსმენი პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს.