18 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
საქართველოს 4 დიდ ქალაქში მილიონ ნახევარი ადამიანია იზოლირებული - მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში კი 150 ათასამდე მოსახლე

უკვე რამდენიმე წუთია 10 დღით დაიკეტა ქვეყნის 4 დიდი ქალაქი. მათ შორის, დედაქალაქი თბილისი მილიონ 118 ათას 35 მაცხოვრებლით. დაიკეტა იმიტომ, რომ ქვეყანა ეპიდემიის პიკზეა და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, რის გამოც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ის არის, რომ შიდა გადაცემის რიცხვი გაზრდილია. საუბარია მხოლოდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვაზე, თუმცა აქაც გარკვეული გამონაკლისები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც სპეციალურ სიაში უნდა იყვნენ.

თბილისის გარდა შესვლა-გამოსვლა აიკრძალა აღმოსავლეთ საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში - რუსთავში, სადაც 125 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.

დასავლეთ საქართველოში კი, აკრძალვა შესვლა-გამოსვლაზე შეეხო ქუთაისს 200 ათასამდე მაცხოვრებლით და მეოთხე ქალაქი, რომელიც ასევე მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად დაიკეტა, ბათუმია - 150 ათასზე მეტი მაცხოვრებლით.

შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსმა მოიცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის ბოლო დღეებში დაგვემატა ახალი რეგიონები და დასახლებები. "ქობულეთის კლასტერი" უკავშირდება ჯერჯერობით დაუდგენელი წყაროდან დაინფიცირებულ ბათუმელ ქალს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მამის ოჯახს სტუმრობდა.

რაც შეეხება ზოგადად "ქობულეთის კლასტერთან" დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობას, უკვე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, 25 პირის გარშემო კი, მოძიებულია პირველი და მეორე რიგის კონტაქტები, რომელთა რაოდენობამაც ჯამში 355-ს მიაღწია.

რაც შეეხება ქვემო სვანეთსა და ლენტეხს, სადაც იმის გამო, რომ იქ შიდა გადაცემის 4 ახალი ფაქტი გამოვლინდა 10 აპრილიდან შესვლა-გამოსვლა აიკრძალა. 

ვანის მუნიციპალიტეტში 8 აპრილიდან იმის გამო, რომ  კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა, ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. დაიწყო თერმოსკრინინგი და კონტაქტების მოძიება. თავდაპირველად ვირუსი 79 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც ვანში თბილისიდან დაბრუნდა.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა შიდა ქართლშიც, კერძოდ საუბარია რამდენიმე მუნიციპალიტეტზე. დავიწყოთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეთი. ეს სოფელი საქართველოს COVID-19-ის რუკაზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კორონავირუსი 32 წლის მამაკაცს, რომელიც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია გუშინ დაუდგინდა. ახლა ამ სოფელში საპოლიციო კონტროლი ხორციელდება, გაცილებით რთულია სიტუაცია უკვე ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში, სადაც მთავრობამ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 13 აპრილს აამოქმედა. მას შემდეგ, რაც 30 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის უცხოელებთან თარჯიმნად მუშაობდა და სავარაუდოდ მათგან დაინფიცირდა. კარანტინში გადაყვანილია ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი.

გაცილებით ადრე დაიწყო მოქალაქეების შემოწმება და ქალაქის შესასვლელების კონტროლი რუსთავში, რომელიც ამჟამად დაკეტილია. თბილისთან მდებარე ქალაქის 4 შემოსასვლელში საგუშაგოები 31 მარტს მოეწყო, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ხელისუფლებამ მისი სრულად დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, კორონავირუსი რუსთავში ორი კვირის წინ ქალაქის საკრებულოს წევრის დედას დაუდასტურდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. კორონავირუსი დაუდასტურდა თავად დეპუტატსაც და მისი ოჯახის კიდევ ერთ წევრს. ამის შემდეგ რუსთავის საკრებულოს დეპუტატები და თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდნენ, რადგან დეპუტატი ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე საკრებულოს სხდომას დაესწრო.

ქვემო ქართლი კორონავირუსით დაინფიცირების მხრივ ერთ-ერთი რთული რეგიონია და პირველი ქალაქები, რომლებიც ე.წ. წითელ ზონებად გამოცხადდა - მარნეული და ბოლნისია. 23 მარტს ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელშიც რამდენიმე ათეული სოფელი შედის, დაიკეტა, რადგან აქ კორონავირუსის შიდა გადაცემა დაიწყო. სპეციალისტების ვარაუდით, შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიებას უკავშირდება, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მკაცრი საკარანტინო ზომები ამ დრომდე გრძელდება.

გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი, კახეთი - ჯერჯერობით ეს ის რეგიონებია, რომლებშიც მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მათგანში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, არცერთი ქალაქი არ დაკეტილა, თუმცა ხელისუფლებამ გარკვეული ზომები გაატარა,  მათ შორის თერმოსკრინინგის და ქალაქების შესასვლელებში საგუშაგოების მოწყობის მხრივ.

ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებულად არის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, ოკუპირებულ ცხინვალში კი, ჯერჯერობით ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.


დღის ამბები