18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"არ გვიშვებენ, მიცვალებულს კორონა გადაედებაო. აბა მიცვალებულის მეტი არავინ არაა სასაფლაოზე" - 54 სასაფლაო ჩაკეტილია 

ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგიონში პოლიციასთან ერთად გზებზე სამხედროებიც დგანან. ჩაკეტილია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზებიც. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების საფრთხის ფონზე რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან განლაგებულნი. ანალოგიური ვითარებაა ვაკე-საბურთალოს გზაზეც. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული.

სამართალდამცავები ასევე მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ, რომლებიც სასაფლაოებს უკავშირდება. ისინი ავტომობილებს არც ამ გზის მიმართულებით არ ატარებენ.

ასევე მიმდინარეობს ქვეითების გამოკითხვა, თუ სად გადაადგილდებიან ისინი. პროცესში ჩართულები არიან როგორც შინაგან საქმეთა, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალები.

"კურიერმა" ოზურგეთისა და ქუთაისის სასაფლაოებზე მიმდინარე ვითარებაც გადაიღო. ადგილობრივების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ისინი აკრძალვას გაგებით ხვდებიან. ცხადია, სურთ ახლობლების საფლავების მონახულება, თუმცა კორონავირუსის საფრთხე საკმაოდ მაღალია და ადგილობრივები ამას გაგებით ეკიდებიან.

"რა თქმა უნდა რთულია, დედაჩემი ნაწილობრივ წინააღმდეგია, მაგრამ ისიც ემორჩილება და ვერ ხედავს ამ პანდემიიდან გამომდინარე პრობლემას, რომ ზეგ მივიდეს. ჯანმრთელობა მაინც მთავარია," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

აკრძალვის მიუხედავად მოქალაქეების მცირე ნაწილმა სასაფლაოზე მისვლა მაინც სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ეს მცდელობა აღკვეთეს.

"არ გვიშვებენ, მიცვალებულსო კორონა გადაედებაო. ასე გამოდის, აბა მიცვალებულის მეტი არავინ არაა სასაფლაოზე. სასაფლაოებზე შეზღუდვის გარდა ყველაფერი შესრულებული მაქვს ხუთზე. აბა ზეგ ვის უნდა კვერცხი, დღეს არის აღდგომა, წელიწადში ერთხელ და მეტს არაფერს მიცვალებული ჩვენ არ გვთხოვს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები