18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
შესაძლოა, კლინიკებმა მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღება შეძლონ - COVID 19-ის გავრცელების პიკი და საფრთხეები

საქართველოში, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსული ინფექციის, COVID-19-ის 408 დადასტურებული შემთხვევაა. 

იქნება თუ არა ინფიცირებული პაციენტების კრიტიკული ზრდა და რამდენად მარტივად გადალახავს ქვეყანა გავრცელების პიკს, მოქალაქეების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკს უახლოვდება. მისივე თქმით, აპრილის ბოლო კვირასა და მაისის დასაწყისში მოსალოდნელია ინფექციის შემთხვევების ზრდა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია და გაუწიონ ანგარიში ექიმებს.

როდის დაამარცხებს ქვეყანა კორონავირუსს, ამის თაობაზე ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს პროგნოზის გაკეთება ჯერ უჭირს. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, უნდა შენარჩუნდეს მკაცრი შეზღუდვები და ლიბერალური პოლიტიკა, რომ, ერთის მხრივ, მინიმალური იყოს ლეტალური შემთხვევები და ინფიცირებულთა რაოდენობა, მეორე მხრივ კი ქვეყნის ეკონომიკა შოკიდან გამოვიდეს. გარდა ამისა, მთავარი ინფექციონისტი რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს, რომ ჯანდაცვის სისტემამ კოლაფსს გაუძლოს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე, რომელსაც ყოველდღიურად უწევს ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი, პიკის პერიოდში მოსალოდნელ საშიშროებაზე საუბრობს. მარინა ენდელაძე ამბობს, რომ სისტემას ერთდროულად 1000- 1600 -მდე პაციენტის მიღება შეუძლია, ხოლო თუ ნაკადი მეტი იქნება, ჯანდაცვის სისტემა მომსახურეობის სხვა ეტაპზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესებულებები მხოლოდ მძიმე პაციენტების მიღებას შეძლებენ.

იმისთვის, რომ მოახლოებულ პიკს ჯანდაცვის სიტემა მზად დახვდეს, აქტიური კონსულტაციების მიმდინარეობს კლინიკების ხელმძღვანელებთან. ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინოს დაწესებულებაში ამბობენ, რომ ასეულობით პაციენტის მიღება და მართვა სისტემას შეუძლია, თუმცა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მოუწოდებს მოქალქეებს, მართონ თავიანთი ქცევა და კულტურა.

ინფიცირებულთა მაჩვენებლების კლება, კონტაქტების მოძიება და სამედიცინო პერსონალის ავადობის მაჩვენებელების ნაკლებობა - ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს იმუნოლოგთა ნაწილი გამორიცხავს. თუმცა, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ყველაფერი მოქალაქეობრივ პასუხიმგებლობაზეა დამოკიდებული.

შეუერთდება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ მოქალაქეები რეკომენდაციების, შეზღუდვების, უსაფრთხოების ზომების იმ დონეზე დაცვას, როგორც დღეს იცავენ.

დღის ამბები