მარნეულის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მცხოვრებლებმა, მკაცრი კარანტინის პირობებში, რამდენიმესაათიანი აქცია გამართეს.
არფალოს, კირფალოსა და ახმამედლოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზებაში ითხოვდა. აქციის მონაწილეებთან ერთად შაომიანში, ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პროტესტს შემთხვევით შეუერთდნენ.
აქციაზე მისულ ქვემო ქართლის გუბერნატორს, შოთა რეხვიაშვილს შეძახილებით დახვდნენ. ხელისუფლების წევრების გამოჩენას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გუბერნატორმა აქციას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ადგილობრივი მთავრობის მტკიცებით, პროდუქციის რეალიზაციის შეფერხება, ბაზარზე მოთხოვნის დროებითმა შემცირებამ გამოიწვია.
სიტუაცია დღის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გამწვავდა. სოფელ შაომიანში, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ის საავტომობილო გზა გადაკეტეს, რომლითაც დისტრიბუციისა და სამედიცინო დახმარების მანქანები სარგებლობენ. ვითარების შედარებით განმუხტვა ადგილზე სოზარ სუბარისა და მარაგების მართვის შტაბის უფროსის გამოჩენამ შეძლო. პრემიერის მრჩეველი მოსახლეობას პროდუქციის გასაღებაში დახმარებას დაჰპირდა.
მარნეულის მოვლენები დღეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტშიც. ირაკლი კობახიძემ, პანდემიის დროს მოსახლეობის სარისკო პროვოცირებაში, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დაადანაშაულა. საპასუხოდ ოპონენტებმა ხელისუფლების არასწორი შეზღუდვები გააკრიტიკეს, თუმცა აქციაზე მისულ მხარდამჭერებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდეს.
აქცია მარნეულში მას შემდეგ დაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბი ადგილობრივებს მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება.