საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი ხდება. გლეხები მეურნეობებამდე ავტოტრანსპორტით მისვლას დილით - 6-დან 8-საათამდე, ხოლო დაბრუნებას საღამოს - 6-დან 7 საათამდე შეძლებენ.
ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვების მოხსნას მიესალმებიან და ამ დრომდე არსებულ დისკომფორტზე აკეთებენ აქცენტს მეურნეები. მიუხედავად ფაქტის პოზიტიურად შეფასებისა, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილების დაგეგმვაში ხარვეზებია და მათი ინტერესები ბოლომდე არაა გათვალისწინებული.
მიუხედავად შეზღუდვის მოხსნისა, ამ შემთხვევაშიც, მათ მგზავრთა გადაყვანის წესების დაცვა მოუწევთ. თავისუფლად გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემას კი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს.
ავტომობილებით გადაადგილებასთან ერთად, სეზონური სამეურნეო სამუშაოების გამართულად წარმოებისთვის რეგიონებში პესტიციდების მაღაზიებიც გაიხსნა. ფერმერთა მარკეტები მეურნეებს ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის განსაზღვრულ საათობრივ მონაკვეთებში მოემსახურება.
განსხვავებული მოცემულობის მიუხედავად, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა გაუქმდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონშიც. რწმუნებულის განმარტებით, ურბანული ფაქტორიდან გამომდინარე, აგროპროცესები მხარეში ამ დრომდეც შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვები ძალაში 27 აპრილამდე დარჩება. იმ დრომდე, ავტოტრანსპორტით გადაადგილებას მეურნეებთან ერთად, მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობაშიც დაშვებულია.
ავტორი: სოფო ჭუმბურიძე