06 სექტემბერი 2026,   14:47
ვრცლად
ოზონოთერაპია - კორონავირუსთან ბრძოლის ახალი იარაღი, რომელმაც ბათუმში 4 პაციენტთან პოზიტიური შედეგი აჩვენა

საქართველოში შესაძლოა კორონავირუსთან საბრძოლველად მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი გამოიყენონ.

ოზონოთერაპია უკვე გამოსცადეს ბათუმის ერთ-ერთ დაწესებულებაში და ოთხი პაციენტის შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების ფონზე დაავადება ადამიანებმა გაცილებით ადრე დაამარცხეს.

ანუ თუ მკურნალობისთვის სტანდარტულად საჭიროა 2 კვირიანი ვადა, ახალი მეთოდით დღეების რაოდენობა მაქსიმუმ 9-მდე იზრდება.

ოზონს გამოიმუშავებს სპეციალური აპარატი, შემდგომ მისი გაზავება ხდება ხსნარში, რის შემდეგაც პაციენტებს ხსნარს ინტრავენურად უსხამენ.

როგორც ბათუმის "მედალფაში" ერთ-ერთი მედიკოსი აცხადებს, მან ეს მეთოდი 4 პაციენტთან გამოიყენა, ოთხივე შემთხვევაში შედეგი პოზიტიური იყო.

"კორონავირუსთან დაკავშირებით პირველად გამოვიყენეთ ეს მეთოდი მედალფაში. ჯერჯერობით პატარ-პატარა შედეგები გვაქვს. აშშ-ს რამდენიმე შტატში ეს მეთოდი არის აკრძალული, მხოლოდ რამდენიმეში, ყველა საქმეს ჰყავს თავისი მტერი. ჩვენს შემთხვევაში შედეგი ნამდვილად პოზიტიურია, პაციენტების გამოჯანმრთელების ვადაც შეამცირა და განწყობაც მათი უკეთესი იყო," - განაცხადა "მედალფას" ერთ-ერთმა მედიკოსმა.

ექიმები არ უარყოფენ, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში ეს მეთოდი უარყოფილია, თუმცა მათივე თქმით, ყველა მეთოდს ყავს თავისი მტერი, განსაკუთრებით მედიცინაში.

"იყენებენ ოზონოთერაპიას ევროპაში ძალიან აქტიურად. კერძოდ, იტალიაში 17 საავადმყოფოშია ეს მეთოდი დანერგილი და ელოდებიან მაისის შუა რიცხვებს, რომ მკურნალობის შედეგები ნახონ. საკმაოდ კარგად მოქმედებს ეს პაციენტებზე, როგორც დამატებითი თერაპია," - განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ახალი მეთოდიკა შეთანხმებული იყო თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტებთან.

"რაც გამოვიყენეთ, შევათანხმეთ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტებთან და განკურნებაც დადგა 12 დღეში,"- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები