18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
რომელ ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება კორონავირუსი მარტივად და აქვს თუ არა მნიშვნელობა სქესს - ვირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ცხელებაა

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ცხელება და შემცივნებაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანალიზით ირკვევა, რომ სწორედ ამ სიმპტომებს უჩივის ჩვენს ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების 68%.

31% ზოგად სისუსტეს განიცდის, პაციენტების 29%-ის სიმპტომი კი ხველაა. 20 %-ს ყელის ტკივილი, 16 %-ს თავის ტკივილი აღენიშნება. ამის შემდეგ, ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები მოდის, რომელთაც არსებულ კვლევაში ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ.

თუმცა, როგორც დღეს "კურიერთან" საუბარში ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმ-ინფექციონისტმა აღნიშნა, მიდგომა ამ საკითხში შესაძლოა შეიცვალოს.

მედიკოსი არ გამორიცხავს, რომ აქცენტი სხვა სიმპტომებზეც გაკეთდეს, რადგან ბოლო პერიოდში განსხვავებული სტატისტიკა გამოიკვეთა.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას. სპეციალისტების ანალიზით, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 15-დან 29 წლამდე და 50-დან 59 წლამდე მოქალაქეებში ვლინდება. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია. დადასტურებული შემთხვევებიდან, ყველაზე ხანდაზმული 87 წლის იყო, ხოლო ყველაზე პატარა – 2 წლის.

შეიძლება ითქვას, რომ COVID - 19 საქართველოში გენდერულ ბალანსს იცავს და თანაბრად აინფიცირებს, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს. 50/50-ზე - ასე ნაწილდება ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი სქესის მიხედვით. თუმცა, როგორც ირკვევა, ვირუსი მაინც ახდენს დისკრიმინაციას, რადგან მამაკაცებს დაავადება უფრო რთულად გადააქვთ, ვიდრე ქალებს.

მეცნიერების ვარაუდით, ამის მიზეზია ის, რომ ქალებს გაცილებით მაღალი იმუნიტეტი აქვთ და უფრო ძლიერად რეაგირებენ ვირუსზე. მეცნიერებმა ამ ფაქტს ბევრი ახსნა მოუძებნეს, მათ შორის ისიც, რომ მამაკაცების დიდ ნაწილს აქვს დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, ქალები კი გაცილებით მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე.

 

 

დღის ამბები