საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა და ქვეყანამ უნდა მოასწროს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი მოიხსნება, პარლამენტი საერთო სახალხო განხილვებს, სავარაუდოდ, ონლაინრეჟიმში დაიწყებს. შემდეგ კი პროცესები საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას შესაბამისი პასუხი ექნება.
ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, შეთანხება ორი ნაწილისგან შედგება და მათგან ერთი ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ეხება.
"თუ ხელისუფლება შეთანხმების რომელიმე ნაწილს არ ასრულებს, ის არ ასრულებს და შლის შეთანხმებას. ასეთია სწორედ ამ შეთანხმების არსი. ორივე კომპონენტი არის განუყოფელი, არ არსებობს ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს ძალიან კარგად იციან არამხოლოდ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, არამედ ეს ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ სწორედ ეს იყო კონსენსუსის საფუძველი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პასუხს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმებაში საუბარი იყო მართლმსაჯულების პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფლებაზე და არა კონკრეტულად რომელიმე საქმეზე. თალაკვაძის განცხადებით, სასამართლო თავისუფალია და მმართველი გუნდი ვერ უკარნახებს მას, რომელ საქმესთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს შედგა. დიალოგში მონაწილე ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.