არის, თუ არა ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებული ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული და არსებობს, თუ არა ვირუსის გავრცელების მეტი რისკი, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტება გააკეთა თავის განცხადებაზე, რომელიც რეგისტრირებულთან შედარებით უფრო მეტი ინფიცირებულების არსებობას შეეხებოდა:
"მე რაც ვთქვი ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ინფიცირებულთა რეალური რიცხვი აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, არცერთ ქვეყანაში არ არის ყველა გამოკვლეული.
მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ეს ერთგვარი ნეგატიური პროპაგანდისთვის გამოიყენონ, რომ აი, სინამდვილეში ჩვენ 500 კი არა 1000, 2000 ავადმყოფი გვყავს... არამც და არამც, გარკვეული კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი ინფიცირებულები, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა. ზოგიერთი არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს, რომ ჩვენთან გარდაცვლილთა რიცხვი არის ასეთი გასაკვირად მცირე, ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს არ უხარია, რომ ჩვენი ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა წარმატებული გახდა, ზოგს უხარია მაგრამ უკვირს. ის რომ შესაძლოა დაინფიცირებული პაციენტების სტატისტიკა შეიცვალოს, დავუშვათ ერთი ამდენი კიდევ არის, ეს კიდევ უფრო შეამცირებს გარდაცვლილთა პროცენტს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.