თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი წინასწარ პატიმრობას სავარაუდოდ გაასაჩივრებს. დავით ცინარიძის ადვოკატს განჩინება რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს უფლებადამცველი დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულებს.
როგორც კახაბერ ხვისტანი აცხადებს, სწორედ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება, გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას. ადვოკატს მიაჩნია, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
"არ ვეთანხმები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიმაჩნია, რომ იგი არის დაუსაბუთებელი, უკანონო. სულ ახლახანს მივიღე ბეჭდური ვერსია აღნიშნული განჩინების, მის გაცნობას შევუდგები, შევადგენ საჩივრის პროექტს და ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდგომი კონსულტაციისთვის ვაპირებ ბატონ დავითთან შესვლას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და მასთან კონსულტაციის შემდგომ, დაცვის მხარე მიიღეს გადაწყვეტილებას დასახელებული განჩინების გასაჩივრება-არ გასაჩივრების ნაწილში," - აცხადებს დავით ცინარიძის ადვოკატი კახაბერ ხვისტანი.
ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ცოლის მიმართ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული. საქმის მასალების მიხედვით, დავით ცინარიძემ ცოლს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.