18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ბლოკპოსტები დარჩება და თერმოსკრინინგიც გაგრძელდება

შეზღუდვები იხსნება საქალაქთაშორისო გადაადგილების თვალსაზრისით, ხვალიდან ბათუმში გადაადგილება შესვლა და ქალაქის დატოვება იქნება შესაძლებელი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება მდგომარეობა გააკონტროლოს.

"გადაადგილებასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა იხსნება, მათ შორის, საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება. ერთადერთი, რაც რჩება არის კომენდანტის საათი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მართვადი მდგომარეობა ვირუსთან დაკავშირებით და სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას იმაზე ადრე დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა ვიდრე ეს აქამდე გვქონდა გათვალისწინებული," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეზღუდვები ბათუმის მსგავსად იხსნება ქუთაისშიც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქუთაისში ბლოკპოსტები დარჩება და აქტიურად გაგრძელდება თერმოსკრინინგიც.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, შეზღუდვები 5 მაისიდან მოიხსნება გადაადგილებაზე, თუმცა ბლოკპოსტი ქალაქის შესასვლელში მაინც იქნება განთავსებული.

"შეზღუდვები მოიხსნება ხვალ დილიდან, ქუთაისში ყველა მოქალაქეს შეეძლება გასვლა და შემოსვლა. თერმოსკრინინგი გაგრძელდება. უახლოეს მომავალში კი განვიხილავთ ბლოკპოსტებს, როდის მოვხსნით ან დავტოვებთ,"- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

პანდემიის გამო შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

დღის ამბები