ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში, გვარია, ლეღვა, მუხაისტატესა და წყავროკაში გაუქმდა საკარანტინო რეჟიმი, რომელიც 12 აპრილიდან მოქმედებდა. აღნიშნულ სოფლებში სულ 11 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლებში, კარანტინის პერიოდში ყველა მოქალაქე გადამოწმდა, რის შედეგადაც გამოვლენილი რესპირატორული სიმპტომების მქონე მოქალაქეები ლაბორატორიულად გადამოწმდნენ COVID 19-ზე, თუმცა მათ არ დაუდასტურდათ ინფიცირება. საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 33 ათას მოქალაქეს.
ბოლო დღეებში ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული არც ერთი ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა საკარანტინო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება და დღეს 10 საათზე სოფელ გვარასთან განთავსებული ბლოკ პოსტები გაუქმდა. ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია 26 დღიანი შეზღუდვის პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ. ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა სისტემატურად მარაგდებოდა საჭირო მედიკამენტებითა და სურსათით. მოქალაქეები მიესალმებიან საკარანტინო რეჟიმის გაუქმებას, რადგანაც თვლიან, რომ უფრო თავისუფლად შეძლებენ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წარმოებას და მათთვის სასურველი პროდუქტების შესყიდვას.