პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა სამკურნალო საშუალებებისა და აღჭურვილობის მარაგებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის კლინიკაში არანაირი დეფიციტი არაა და დადებითი ტენდენციის გათვალისწინებით შესაძლოა ის მარაგიც არ დასჭირდეთ, რაც კლინიკაში აქვთ:
"ჩემს კლინიკაში არანაირი დეფიციტი არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადი აღჭურვილობის არ არის. მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, დაახლოებით გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან გვაქვს ტენდენცია ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების, აქედან გამომდინარე, ალბათ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი ცოტა ხანში, ჩემი განწყობა ისეთია, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და სამყაროშია, ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს გაგრძელება თანაცხოვრების. რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა, ახლაც ვიცხოვრებთ ერთი მდგომარეობით, რომ ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება სავარაუდოდ არ გამომჟღავნდება," - განაცხადა ლევან რატიანმა.