7-მდე გაიზარდა COVID ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა აფხაზეთში. ბოლო ერთ დღეში ტესტი 17 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ინფიცირებულს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე COVID-19-ის სულ 10 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია ერთი პაციენტი, ორი კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, ინფიცირებული 7 პაციენტიდან, ორს პნევმონია აღენიშნება.
ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც ადამიანის უფლებები მუდმივად ირღვევა, არ აქვთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე და ხარისხიან ჯანდაცვაზე, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული, რომ რეალური ინფორმაციის მიჩქმალვა ხდებოდეს. მით უფრო ამის სჯერათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგალითად დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლებს.
"კურიერთან" საუბარში უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ აქვთ სერიოზული პრობლემები ტექნიკასთან დაკავშირებით, არ გააჩნიათ სადიაგნოსტიკო ტექნიკა და ამასთან ერთად ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც სასწრაფომ პაციენტებთან მისვლა ძალიან დააგვიანა, რის შემდეგაც ფატალური შედეგები დამდგარა.
"საავადმყოფოში უკვე ამოწურულია მედიკამენტების მარაგი, ზოგადად იმის გამო, რომ საკარანტინო მდგომარეობაა მთელ აფხაზეთში. ამის შედეგად ჩაკეტილია გამშვები პუნქტები, შესაბამისად შეუძლებელია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მედიკამენტების გაგზავნა.
რენტგენის აპარატი არ არსებობს საავადმყოფოში, ულტრაბგერის და ა.შ. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის ძალიან მძიმე სურათს.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანაც კი გაუმართავი ყოფილა და გამოძახების დროს მედპერსონალი ვერ ახერხებს ადგილზე დროულად მისვლას, რასაც სამწუხაროდ ფატალური შემთხვევები მოჰყვება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.