18 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
იმისათვის, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალოს, ამისთვის მათ უნდა აღიარონ დანაშაული - გიორგი კახიანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ შეუძლია შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ მსჯავრდებული პირები დანაშაულს აღიარებს.

გიორგი კახიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებში პარლამენტი ვერ ჩაერევა და ის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. 

"იმისათვის, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალოს, ამისთვის მათ უნდა აღიარონ დანაშაული. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი პრეზიდენტის მხრიდან მსჯავრდებულების შეწყალება. თუ ის პირები, ვისზეც არის საუბარი, აღიარებენ დანაშაულს, ამის შემდეგ, ბუნებრივია, პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი შეწყალების თაობაზე. ეს არ არის პარლამენტის მისაღები გადაწყვეტილება, პარლამენტი ამ პროცესში, ბუნებრივია ვერანაირად ვერ ჩაერევა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულები აღიარებენ თავიანთ დანაშაულს,"- აცხადებს გიორგი კახიანი.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დეტალებზე ვერ თანხმდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან ერთად, იმ პოლიტიკოსების გათავისუფლებაც იყო, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრებად მოიაზრებენ, "ქართული ოცნება" კი შეთანხმების ამ ნაწილს კატეგორიულად უარყოფს. 

ამასთან, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი, შესაძლოა, პრეზიდენტის შეწყალება გახდეს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული პირებიდან ორის - გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება, რადგან მათ სასამართლომ სასჯელი უკვე მიუსაჯა. 

დღის ამბები