2020 წლის საგაზაფხულო სემესტრი შედგა. ონლაინგაკვეთილებმა იმუშავა და მოსწავლეები სწავლას დაგეგმილ დროს დაასრულებენ. სემესტრი მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის - 20 მაისს, 1-ლი კლასისთვის - 27 მაისს, დანარჩენებისთვის კი 15 ივნისს დასრულდება. მთავრობის განათლების ანტიკრიზისული გეგმა დღეს პრემიერმა წარმოადგინა.
აბიტურიენტებისთვის ტელეგაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება. ივნისშივე გახდება ცნობილი, რა განრიგით ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. სამინისტრო პროცესში ცვლილებების შეტანას არ აპირებს, შეიცვლება მხოლოდ წესები, მათ შორის, გამოცდებზე მისული აბიტურიენტები აუდიტორიებში დისტანციით, მცირე ჯგუფებად განთავსდებიან - არა უმეტეს 10 მოსწავლისა.
იცვლება მოსწავლეების შეფასების მეთოდი. განისაზღვრა ორი ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. პირველ შემთხვევაში, მასწავლებელი აღწერს მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, ითვალისწინებს წინა წლის შეფასებებს, მეორე შემთხვევაში კი კონტროლდება სწავლის ხარისხი ონლაინპროცესში და იწერება ქულა. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვა გამოსავალი "კოვიდ 19-ით" დადგენილ წესებში არ არსებობს, ამიტომ, განათლების სისტემაში შეძლებისდაგვარად ყველა პროცესი ონლაინ უნდა წარიმართოს.
"კოვიდ 19-ის" გამო შეიცვალა სწავლის ფორმატი უმაღლეს სასწავლებლებშიც. ანტიკრიზისული გეგმით მთავრობასა და სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის შეთანხმებით მიმდინარე სემესტრის სწავლის გადასახადი სტუდენტებს ან გადაუვადდებათ, ან გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით ისარგებლებენ. სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო სემესტრისთვის განსაზღვრული სტიპენდიები და გრანტები შეუფერხებლად გაიცემა.
განათლების სფეროში ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას უკვე მოჰყვა კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სტრატეგია ყოვლისმომცველი არ არის. "ევროპული საქართველო" უსაფრთხოებისთვის ითხოვს, ერთიანი ეროვნული გამოცდები მხოლოდ ერთ გამოცდად ჩატარდეს.
ანტიკრიზისული გეგმა ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც. კოლეჯები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და ავტორიზაციას ონლაინ გაივლიან. იცვლება ჩარიცხვის წესიც. იმ პროგრამებზე კი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შეზღუდვების შემსუბუქების მეოთხე ეტაპზე.