18 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
მოსახლეობას დარჩა აღქმა, რომ პარლამენტი არის არდადეგებზე წასული და დღეს პირველად დაბრუნდა - ლევან კობერიძე

ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე პარლამენტში იბარებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავარ კითხვას სწორედ ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხოს. კობერიძე ასევე ითხოვს, პარლამენტი მუშაობის ჩვეულ წესს დროულად დაუბრუნდეს. ლევან კობერიძის განცხადებით, მოსახლეობას დარჩა განცდა, რომ პარლამენტი არდადეგებზეა წასული.

"პარლამენტმა თავის თავი რატომღაც გამოაცხადა არდადეგებზე წასულად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს იკრიბება საგანგებო სხდომაზე პარლამენტი და ამ დროს ბიურომ უნდა დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა. მოსახლეობას დარჩა აღქმა, რომ პარლამენტი არის არდადეგებზე წასული და ახლა დაბრუნდა დღეს პირველად, კომიტეტი ყოველ შემთხვევაში და ძალიან დასანანია მინდა გითხრათ, იმიტომ, რომ ინსტიტუციურ განვითარებას არანაირად არ უწყობს ხელს," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, ძალიან ბევრ ქვეყნაში საგანგებო ვითარების გამო პარლამენტის მუშაობა შეფერხებული იყო, რაც იმას გულისხმობს, რომ შემდგომი პროცესები დეკრეტებით იმართება.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში პარლამენტის მუშაობა იყო შეფერხებული, ზოგან შეწყვეტილიც კი. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ შემდეგ უკვე დეკრეტებით იმართება პროცესები და რა თქმა უნდა, მთავრობას ჰქონდა ხელში აღებული ეს ბერკეტი, თუმცა პარლამენტი იყო ჩართული. თქვენ ხედავთ, რომ საკოორდინაციო საბჭოც იყო წარმოდგენილი, არა მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტი, მაგრამ რადგან ჯანდაცვის კომიტეტის შვებულებაში ყოფნაზე გააკეთეთ აქცენტი, ნება მომეცით არ დაგეთანხმოთ იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს გარკვეულწილად უსამართლოც არის," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები