დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების ღონისძიებები დროულია, ვინაიდან ქვეყანაში პანდემიის მხრივ სტაბილური ვითარებაა და COVID-19-ის გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა ამის საშუალებას იძლევა. როგორც ზახაშვილი მიიჩნევს, სტაბილურობის ფონზე შესაძლებელია ზოგიერთი ბიზნესის გათავისუფლება და ადამიანთა პოპულაციაში ზედმეტი გადაადგილების დაშვებაც.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, ვირუსის აფეთქების მეორე ტალღის საფრთხე საქართველოშიც არსებობს, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში.
"ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროგნოზები, რომლებიც არსებობს რეალისტურია საქართველოსთვისაც და შეიძლება დაკავშირებული იყოს ამა თუ იმ ასპექტთან, ეს იქნება შეკავების ღონისძიებების მოხსნა, ქვეყნის საზღვრების გათავისუფლება, ტურისტული სეზონის გახსნა, თუმცა ქვეყანა ყველანაირად მზად უნდა იყოს და ადევნებდეს თვალყურს ეპიდსიტუაციას და მისი მართვის შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს," - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.
ხათუნა ზახაშვილმა სოფელ მუშევანში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისუბრა. მისი თქმით, მუშევანში მძიმე ვითარება არ არის, თუმცა საკმაოდ სერიოზულია, რაც ნიშნავს იმას, რომ სოფელი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
"დღის კურიერის" ეთერში ხათუნა ზახაშვილმა იმ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც მეზობელი მოსაზღვრე ქვეყნებისგან უნდა ველოდოთ. მისი თქმით, კონკრეტული საფრთხეები იმ შემთხვევაში გვემუქრება, თუ ქვეყნებიდან ადამიანების უკონტროლო შემოსვლა დაიწყება. აღნიშნულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რისკები არსებობს, ზახაშვილის თქმით, ეს რისკები კონტროლირდება.
ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენი ქვეყნის ვითარების უკეთესობისკენ განსხვავება იმ შემაკავებელი ღონისძიებების დამსახურებაა, რაც დღემდე ჩატარებულა და დღესაც გრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ასევე "კავასაკის სინდრომზეც" ისაუბრა. ზახაშვილის თქმით, საკითხზე მიმდინარეობს კვლევები და მნიშვნელოვანია დაველოდოთ მეცნიერების შედეგებს არის თუ არა "კავასაკის სინდრომი" ასოცირებული ან დაკავშირებული COVID-19-თან.