გორის რაიონის სოფელ ბერბუკში საპროტესტო აქცია გაიმართა. დევნილთა კომპაქტური დასახლების მცხოვრებლები მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარვეზებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, სანიაღვრე არხები ცხაურით არ იხურება და ამ მიზეზით უკვე 2 ადგილობრივი დაშავდა. პროექტის შესახებ მცხოვრებლების აზრი ორად გაიყო, რასაც დასახლებაში ხმაური მოყვა.
ადგილზე მისული იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ვასილისა ჯაბახიძემ მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისას სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა.
"მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდიდან, რომლიდანაც ათი ათასობით ლარი გამოიყო იმისთვის, რომ გზის რეაბილიტაცია მომხდარიყო და სანიაღვრო სისტემა მოწყობა-მოწესრიგება, არ შესრულდა ხარისხიანად. ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები არ ასრულებენ ხარისხიანად სამუშაოებს, მათ მფარველები ჰყავთ "ქართულ ოცნებაში" და გვაქვს კორუფცია.
როდესაც ხელისუფლება მსგავს ხერხებს მიმართავს, იმის ნათელი მაგალითია, რომ პრობლემა რეალურად არსებობს და პროტესტიც სამართლიანია,"- განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.