11 სექტემბერი 2026,   17:19
ვრცლად
ოკუპირებულ გალთან დაკავებული ერთ-ერთი მამაკაცის მამის ინფორმაციით, დაკავებულებს საოკუპაციო რეჟიმი დღეს გაათავისუფლებს

ოკუპირებულ გალთან გატაცებული მამაკაცების ადგილსამყოფელი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია. გატაცებულის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ოკუპანტებმა სოფელ ლიას 3 მკვიდრი სოფელ მუჟავასთან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 3 ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ მუჟავასთან აიყვანეს, სადაც ისინი ჯართს აგროვებდნენ. თუმცა, დღეს უკვე ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ ჰყავდათ საქონელი, რომელიც გაექცათ და სწორედ მათი მოძებნისას აიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცები. 

დღეს "კურიერი" ერთ-ერთი დაკავებულის მამას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებულებს დღეს გაათავისუფლებენ.

"დღეს გამოუშვებენო და არ ვიცი. არავინ დაგვკავშირებია," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის მამა.

ადგილობრივების თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოხუმში გადაიყვანეს, სადაც მათი ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

"ლაპარაკობენ, რომ მუჟავაში იყვნენო და ჩვენს ტერიტორიაზე დაუჭერიათ რუსებს. ძროხებს ეძებდნენ მგონი. საქონელი მიდის და შეიძლება იქით გადავიდეს, მაგრამ იქით გადასული არ ყოფილა. მგონი ვიღაც ნათესავი ცხოვრობსო გალში და იმას უკავშირდება ეს ოჯახიო. სოხუმში ვიყავი ამ დილით და გავიგე, რომ სოხუმში გადაუყვანიათ, ოჯახმა მითხრა, მეზობლები არიან, სასამართლოს ელოდებიან. გაჭირვებული ხალხია, თუ მთავრობა არ დაუდგა გვერდში ვერ გადაიხდიან ჯარიმას, არაფრის საშუალება არა აქვთ," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დღის ამბები